ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი “კლიმატის ცვლილების ელჩები”

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის განვითარების ჯგუფი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

 

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, იწყებს ახალ პროექტს: ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“.

 

პროექტის ძირითადი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარემოს დაცვის სფეროში ჩართვის მიზნით ეფექტიანი და რეპლიკაციის პოტენციალის მქონე ინიციატივის განხორციელებაა და იმის ჩვენება თუ, როგორ შეიძლება, ხელი შეეწყოს შშმ პირთა თემის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობას, გაუმჯობესდეს მათი საარსებო წყაროების მოპოვების შესაძლებლობები და ამასთანავე, მიღწეულ იქნას გარემოსდაცვითი მიზნები.

 

პროექტი მრავალმხრივ მიზანს ემსახურება, როგორიცაა ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირების შესაძლებლობების განვითარება, მათი იმ ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფა, რომლებიც საჭიროა გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების ადვოკატირებისა და სოფლის განვითარების პროცესში ინტეგრაციისათვის; ასევე, პროექტი მიზნად ისახავს, კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედების მიმართ ქედის მუნიციპალიტეტის მედეგობის გაზრდას.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს, შშმ პირების აქტიური მონაწილეობით, საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებას კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის თემებზე, „კლიმატის ელჩები“ კოალიციის დაფუძნებას, თემატურ ტრენინგებს, ქედის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილების საადაპტაციო გეგმის შედგენასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს ამ მიმართულებით.

 

პროექტის ფარგლებში ქედის LAG აქტიურად ითანამშრომლებს ქედის მერიაში არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან.

 

რაც ასევე მნიშვნელოვანია, პროექტი მისი შინაარსით მულტი-დისციპლინურია და მოიაზრებს სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობას მათ შორის ახალგაზრდების, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების.

 

პროექტის 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და მისი  ბიუჯეტი 51,880 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი