ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 

მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავაა. სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ნოტიო ხდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ძირითადად, ორი ნიადაგური ზონაა: მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. მდიდარი და მრავალფეროვანია მცენარეული საფარი. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და მცირე რაოდენობით – წიწვოვანი მცენარეები. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა. განვითარებულია საკალმახე მეურნეობა (ოქტომბერი, აგარა, წონიარისი, ცხმორისი).

ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით. რაიონში წარმოებული ღვინოები – „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ – დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოწყობილია ღვინის მარნები (მ. შერვაშიძე – სოფ. პირველი მაისი, ლადო შავიშვილი – სოფ. ვაიო, ნური სირაბიძე – სოფ.გეგელიძეები).

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით – სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია „კოკოტაურისა“ და „გუნდაურის“ წყლები. „კოკოტაურს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.

ისტორიული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მატერიალური კულტურის ძეგლები: სათვალთვალო კოშკები – კავიანი, გულები, ძენწმანი, საღორეთი, ცივასულა; ქვის თაღოვანი ხიდები – მახუნცეთი, პირველი მაისი, წონიარისი, დანდალო; ციხეები – ზენდიდი, ცივასულა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება.


ქედის მუნიციპალიტეტი დაყოფილია ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულად

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: დაბა ქედა, სოფლები – ქედა, გულები, ხუნკუდა, ორცვა, არსენაული, შევაბური, ძენწმანი, კორომხეთი, ცხემნა, აქუცა, ზენდიდი.
2) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – დანდალო, ტაკიძეები, მოსიაშვილები, გოგიაშვილები, ბალაძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.
3) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – ზვარე, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები, ვაიო.
4) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზუნდაგა, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, უჩხითი, ნამლისევი, ქოსოფელი, მილისი, დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.
5) მერისის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – მერისი, სიხალიძეები, ინაშარიძეები, გარეტყე, გუნდაური, ნამონასტრევი, სილიბაური.
6) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – ოქტომბერი, კუჭულა, მეძიბნა, აგოთა, გოგინიძეები.
7) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.
8) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – ცხმორისი, ახო, ჩეტკიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, გეგელიძეები.
9) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული დასახლებები: სოფლები – წონიარისი, ვარჯანისი, ტიბეთა, კანტაური, აბუქეთა, სასადილოყელი, საბადური.
FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი