ევროკავშირის მხარდაჭერით ქედისა და ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა (LAG) ზემო აჭარის ბიზნესფორუმი გამართეს

3-4 თებერვალი 2021 - ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა (LAGs) ზემო აჭარის ბიზნესფორუმი “Invest in Mountainous Ajara” გამართეს. ღონისძიება ევროკავშირის ENPARD-ის პროექტების „ქედა ლიდერისა“ და „ENPARD ხულოს“ ფარგლებში, CENN-ის და ჩეხეთის კარიტასის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესურთიერთობების გაფართოების ხელშეწყობა და, ზოგადად, ზემო აჭარაში ინვესტიციებისა და ინოვაციების სტიმულირება. ღონისძიება ორ მთავარ მიმართულებას, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს, შეეხო. გაიმართა პანელური დისკუსიები და ბიზნეს (B2B) შეხვედრები.

 

ღონისძება გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი სურმანიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა, იან ბლინკამ.

 

ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ზემო აჭარის ინოვაციურ და წარმატებულ ბიზნესინიციატივებს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. ფორუმის ფარგლებში ასევე განხილული იყო ზემო აჭარის ეკონომიკური პოტენციალი, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

„ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს აჭარა წარმოადგენს. აჭარის მთავრობასთან, პარტნიორებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, დასაქმების და სოფლად ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ხელშესაწყობად. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ახალი შესაძლებლობები იყოს მდგრადი და ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების დასრულების შემდგომაც გაგრძელდეს.“ - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

 

„“ქედა ლიდერის” პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლად კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. ბიზნესფორუმის მიზანია ინვესტიციებისა და ბიზნესკავშირების დამყარების სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების გაძლიერებას.“ - ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმეები, სფეროში წამყვანი ბიზნესები, საერთაშრისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს და მაყურებლებს შესაძლებლობა მიეცათ დარეგისტრირებულიყვნენ ფორუმის ბოლო სესიაში მონაწილების მისაღებად და თავიანთი საქმიანობები წარედგინათ ENPARD ბენეფიციარებისთვის.

შედეგად, კომპანიებმა, როგორიცაა TBC და Georgian Travel Guide, ახალი შესაძლებლობები გააცნეს ბენეფიციარებს.

 

COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბიზნეს ფორუმი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, Invest in Mountainous Ajara, Zoom-ის პლატფორმაზე და Keda LEADER-ის facebook გვერდზე.

 

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

2017 წლის ივნისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ევროკავშირის მხარდაჭერით ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთსა (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეში ახორციელებს პროექტს „სოფლის განთვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი