12 დეკემბერი, 2019. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა – ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების 20-ზე მეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ქედის LAG-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში კლიმატის ცვილებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ. ღონისძიება, რომელიც ქედის LAG-ის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქედა ლიდერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხებისადმი და მათი ჩართულობის ხელშეწყობას შესაბამის აქტივობებში.
დისკუსიას წინ უძღოდა მობილური ფილმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შერჩეული 1-წუთიანი თემატური ფილმების ჩვენება. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების ხელახალი გამოყენების აქტივობასა და ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკულ ტრენინგში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა პროდუქტიული და ინსპირაციული აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. დისკუსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. ფილმების ჩვენების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა მომავალ საერთაშორისო მობილური ფილმის ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილი. მათ მთავარ მიზანს ინოვაციური ხერხების გამოყენებით ქედის მუნიციპალიტეტის მსოფლიოსთვის გაცნობა და აქტუალური პრობლემების დღის წესრიგში დაყენება წარმოადგენს.
წელს, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია CENN-ი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Mobile Film Festival პარტნიორია. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა კლიმატის ცვლილება. ფესტივალში მონაწილე ფილმები ერთი წესის ირგვლივ ერთიანდება: 1 მობილური, 1 წუთი, 1 ფილმი. 2019 წლის კონკურსის ფარგლებში, ჯამში 24 ქვეყნიდან, 50 ფილმი შეირჩა, რომლებიც ათ ძირითად თემას ეხება: ნარჩენები, რეციკლირება, გლობალური დათბობა, წყლის ნაკლებობა, გაუტყეურება, ახალგაზრდების აქტივიზმი, კლიმატის ცვლილება, ტრანსპორტირება, მოსახლეობის კრიტიკული ზრდა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.