6-8 დეკემბერი, 2019. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა. – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტების ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG), წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და ადგილობრივი მეღვინეები ეწვივნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა LAG-ბის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს LAG-ის წარმომადგენლებმა და მეღვინეებმა მოინახულეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქედა ლიდერის“ ბენეფიციარი მეღვინეები. მათ დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა, ვენახის ბოძების ჩამოსასხმელი საამქრო, სავენახე მეურნეობები და მარნები. LAG-ის წევრები ასევე გაეცნენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და მიიღეს ინფორმაცია ქედელი მეღვინეების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროექტ „ქედა ლიდერის“ ბენეფიციარებსა და სტუმრებს შორის არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკებისა და ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც წყალტუბოს LAG-ის წარმომადგენლებისა და მეღვინეებისთვის, ისე ქედის LAG-ის წარმომადგენლებისა და პროექტის ბენეფიციარებისთვის. ვიზიტის ბოლოს, ორი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.