ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში
2018 წლის 15-19 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სამი LEADER რეგიონი, შეხვედრები გაიმართა LEADER მენეჯერებთან და LAG-ის გამგეობის წევრებთან. ასევე მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს განხორციელებული პროექტები.

LEADER-ის მენეჯერებმა დეტალურად გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობა განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში.

მონაწილეები შეხვდნენ LEADER რეგიონს Donau-Böhmerwald და გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას. ასევე შეხვედრა გაიმართა ქალთა კავშირთან რომელიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. LEADER რეგიონი Pramtal Sauwald-ში მონაწილეები გაეცნენ რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს გოგრის ზეთისა და საოჯახო ლუდსახარშის მაგალითზე. LEADER რეგიონში Südliches Waldviertel – Nibelungengau, მონაწილეები გაეცნენ რეგიონული პროდუქციის - გამოყნებით ვისკის, ყაყაჩოს თესლით წარმოებული პროდუქტების და სხვადასხვა მცენარეების ჩაისა და სანელებლების წარმოების პროცესს. ასევე მოინახულეს ეკოტურიზმის მიმართულებით LEADER პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოწყობილია ბილიკები ხის კენწეროებზე.

ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავსტრიული LAG-ების მიერ პროექტების შერჩევის და მონიტორინგის პროცედურები და შთამბეჭდავი იყო რეგიონებში ისეთი პროექტების ხელშეწყობა რომლებიც რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და დამატებითი ღირებულებისა და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას უწყობს ხელს.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.



| ბეჭდვა |