ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის ბიზნესის დაგეგმვის სასწავლო კურსი ჩატარდა
28-30 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის, სასწავლო კურსი „ბიზნესის დაგეგმვა“ ჩატარდა, რომელსაც დაესწრო 21 მონაწილე. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებში სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ხარჯების და შემოსავლის კალკულაცია, ხარჯის ტიპები, საცალო ფასი, მოგება/ზარალი და ა.შ. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

აღნიშნული ტრენინგი მეოთხე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს ჯგუფის წევრთა და პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების განვითარება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.




| ბეჭდვა |