ევროკავშირის მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიქმნა გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერებისა და თაფლის მწარმოებელთათვის.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული თაფლოვანი მცენარეული საფარი იძლევა მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახის თაფლის წარმოების შესაძლებლობას.
იხილეთ გზამკვლევის ელექტრონული ვერსია - მეფუტკრეობა და თაფილის წარმოება ევროკავშირსა და საქართველოში
მსოფლიოში ფუტკრის რამდენიმე ათეული სახეობაა ცნობილი, რომელთა შორის “ქართული მთის რუხი ფუტკრის” ჯიშსა და მის პოპულაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ქართული მთის რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გავრცელებულია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე - საქართველოს მთებში, აგრეთვე თურქეთის დასავლეთ საქართველოსთან მოსაზღვრე პროვინციებში. მთის რუხი ფუტკრის რამდენიმე პოპულაციაა ცნობილი: აფხაზური, მეგრული, ქართლური, კახური და გურული. ქართული მთის რუხ ფუტკარს ახასიათებს: ზომიერი ნაყრიანობა, თვინიერება, ცვილის მაღალი მწარმოებლობა, ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვა, კარგი ორიენტაცია, ნექტრის ძიებისა და ღალიანობის ეფექტიანად გამოყენების დიდი უნარი, მაღალი პროდუქტიულობა და სხვ.
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გამოიკვეთა ფუტკრის მასიური დახოცვის ტენდენცია, რაც დიდი ალბათობით დაავადებათა გავრცელებით, მკურნალობის არასწორი მეთოდების, ასევე პესტიციდების ჭარბი და გაუაზრებელი გამოყენებით არის გამოწვეული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენტომოფილური კულტურების 80%-ის დამტვერვა ფუტკრის საშუალებით ხდება, რაც მოსავლიანობის ზრდის წინა პირობაა. შესაბამისად, ფუტკრის რაოდენობრივი კლება იწვევს სასოფლო–სამეურნეო კულტურების უმეტეს სახეობათა წარმოებული პროდუქციის მოცულობების შემცირებას.
აღნიშნული პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მასალა მომზადებულია პროექტის - ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის ("ქედა ლიდერი") - ფარგლებში.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.