ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ქალებმა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმში მონლეობა მიიღეს
2019 წლის 8 მარტს, აჭარამ მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ფორუმში მონაწილეობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილმა, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო.

ფორუმის ძირითადი მიზანია მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესში მათი ჩართულობის გაზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სტიმულირება განახორციელონ ახალი ბიზნესიდეები. ღონისძიება აჭარაში ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქალთა ოთახებთან ერთად. მიმდინარე წელს, ფორუმის ძირითადი სამუშაო თემატიკა იყო მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებების განხილვა და ფინანსური პროდუქტების გამარტივების შესაძლებლობებზე დისკუსია, საფინანსო უწყებებთან ორმხრივი დიალოგის გაძლიერება და სხვა ქვეყნის ფინანსური ინსიტუტების მაგალითების წარდგენა.

ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრ ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და ემსჯელათ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ისინი გაეცნენ საქართველოს და მეზობელი ქვეყნების წარმატების მაგალითებს. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ მიმართულებებზე ბრენდინგი, როგორ გავაფართოვოთ ბიზნესი, ემოციური ინტელექტი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. ყველა მონაწილეს საშუალება ქონდა აერჩია მისთვის საინტერესო თემატიკა და დასწრებოდა ტრენინგს.
ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ – აჭარაში 2017 წლიდან მიმდინარებს. ქედის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).

| ბეჭდვა |