ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებისათვის მეკალმახეობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა


11-12 თებერვალი, 2020. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა - ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, პროექტის ბენეფიციარებისათვის მეკალმახეობის შესახებ  ტრენინგი ჩატარდა.


ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ბენეფიციარების ცოდნის დონის ამაღლება თევზის გამოზრდის პირობების, საწარმოო სამუშაოების და ეტაპების, ინვესტიციების და პროდუქციის წარმოების ძირითადი ეკონომიკური გათვლებისა და ქვირითისა და თევზის ტრანსპორტირების შესახებ.


ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ თევზის გამოზრდისათვის საჭირო ყველა სათანადო ეტაპს, როგორიცაა:  ტერიტორიის შერჩევა; წყლის ხარჯის გაზომვა და გაანგარიშება; თევზსაშენ ავზებში წყლის მართვა; საკვების მიწოდება; ქიმიკატების და სამკურნალო პრეპარატების გამოყენება; ქვირითის და თევზის რაოდენობის კონტროლი და საწარმოო მაჩვენებლების კონტროლი.


ტრენინგის მოდული მიცავდა პრაქტიკაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა უნარ-ჩვევების განვითარებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ტრენინგს ესწრებოდა 17 ადამიანი.


პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.






| ბეჭდვა |