ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ მხარდაჭერით მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ღვინის მწარმოებლები და ქედის LAG-ის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ მალაპოლსკას რეგიონში.
მალაპოლკას რეგიონის თვითმმართველობის მიერ ორგანოზებული ტური მიზნად ისახავდა პოლონელ და ქართველ მეღვინეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მათ შორის კოოპერაციული საქმიანობის შესაძლებლობების განხილვას.
ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს მალაპოლსკას რეგიონში არსებული ღვინის მეურნეობები, შეხვდნენ ადგილობრივ მეღვინეებს, გაეცნენ მათ საქმიანობას და თავის მხრივ გაუზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ღვინის წარმოებასა და ვენახის მოვლაში. ასევე გაიმართა შეხვედრები მალაპოლსკას რეგიონის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და პოლონეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან. ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა აჭარის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის და მალაპოლსკას მეღვინეების ასოციაციის თანამშრომლობას, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება როგორც პოლონეთში, ისე აჭარაში.
LAG-ის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის LAG-ის წარმომადგენლობამ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით შემდეგი ვიზიტი აჭარაში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge  

| ბეჭდვა |