ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა
20-28 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, საგრანტო კონკურსის 75 მონაწილისგან შემდგარი სამი ჯგუფისთვის, სასწავლო კურსი „პროექტის წერა“ ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა საგრანტო კონკურსის მონაწილეებში პროექტის წერისთვის საჭირო ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა სრული განაცხადის ფორმაში არსებულ ისეთ საკითხებს როგორიცაა: არსებული სიტუაციის მიმოხილვა, მიზნები, ამოცანები და აქტივობები, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმარება და ა.შ. აღნიშნული საკითხების გარდა განხილულ იქნა საგრანტო კონკურსის მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

აღნიშნული ტრენინგი მეხუთე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი თემების შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა, ასევე პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში სრული განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 იანვრამდე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.


| ბეჭდვა |